გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები
დიდ ქალაქებში ფორმირებული
სასიცოცხლო, ურბანისტული გარემოს
განუყოფელი ნაწილია ადამიანი და მისი საქმიანობით
შექმნილი ტექნოსფერო. ამ გარემოში
მეტად თვალსაჩინოა ანთროპოგენური ზემოქმედების უარყოფითი შედეგები,
რაც წარმოშობს რთულ და მრავალფეროვან ანთროპოეკოლოგიურ პრობლემას.
მსოფლიოს მრავალ ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება
წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. ატმოსფერული
ჰაერის ქიმიური დაბინძურება მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც განაპირობებს ადამიანის
ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას.
ჰაერის დაბინძურების დროს ეკოპათოლოგიის სპექტრი
საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციაზე,
ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე და ორგანიზმის მდგომარეობაზე.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობა შემთხვევათა
75-90%-ში დაკავშირებულია გარემოს ეკოლოგიურად საშიშ, მათ რიცხვში ქიმიური ფაქტორების
მოქმედებასთან.ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო რეესტრი შეიცავს ასობით
ცნობილ, ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებას, რომლებიც ხასიათდება მასენსიბილიზებელი, ტოქსიკური,
გამაღიზიანებელი, იმუნოპათოლოგიური მოქმედებებით. ყურადსაღებია გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი სიმახინჯეების
განვითარება, რაც მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებში 2-ჯერ უფრო ხშირად აღნიშნება, ვიდრე
სოფლის მოსახლეობაში. მაგალითად, მყარი გადანაყარების, საყოფაცხოვრებო ნაგვისა და სამედიცინო
ნარჩენების დაწვისას წარმოქმნილი მტვერი, ჭვარტლი, კვამლი და ტოქსიკური ნივთიერებები
დიოქსინები და ფურანები მიეკუთვნება გარემოს მდგრად დამაბინძურებლებს და ხასიათდება
კარცეროგენური, ტერატოგენული, მუტაგენური მოქმედებით.
ამასთანავე ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურება ხელს უწყობს ისეთი ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას, როგორიცაა:“მჟავა
წვიმები“, „სათბურის ეფექტი“, „გლობალური დათბობა“, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ
ორგანიზმებზე (ფლორა, ფაუნა), არქიტექტურულ ძეგლებზე, ადამიანის საქმიანობაზე და აუარესებს
სანიტარულ კეთილდღეობას.
ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება
ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული
ატმოსფერული გამოფრქვევებით.
ურბანული გარემოს ძირითადი დამბინძურებელია
ავტოტრანსპორტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იზრდება ავტოტრანსპორტით მოხმარებული
საწვავის რაოდენობა და შესაბამისად იზრდება ამ სექტორებიდან მავნე ნივთიერებათა ატმოსფეროში
დაფრქვევა.
No comments:
Post a Comment